ჩვენთვის საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობა გვქონდა, კიდევ ერთხელ გვქონოდა დისკუსიის საშუალება 130 პარლამენტის წარმომადგენელთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, როგორც თავად ასამბლეის, ასევე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ასამბლეას არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად იყენებს, სადაც საჭიროა კიდევ ერთხელ განმარტება, თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები შეულახავი იყოს.
„არააღიარების პოლიტიკა ზუსტად ამის გარანტორია. ასევე შესაძლებლობა გვქონდა, ევროკავშირის რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდით, პარლამენტის წევრებს, და გვესაუბრა იმ სამწუხარო განვითარებაზე, რასაც ჩვენ ზოგიერთი პოლიტიკური წრიდან საქართველოს მიმართ ვხედავთ, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას აუარესებს. ჩვენს კოლეგებს კარგად ესმით, ეს სირთულეები თუ საიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ის გარე ფაქტორები, რომლებიც ამ სირთულეებს უზრუნველყოფს, უკრაინაში მიმდინარე ომს ვგულისხმობ, როგორც კი ეს გარე ფაქტორები დასრულდება, ურთიერთობა იმ წესებს და ნორმებს დაუბრუნდება, რომლებიც ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს. ასევე, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ასამბლეის წინაშე გამოვსულიყავი. ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტი წარმატებული იყო როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე თავად კონფერენციის ფორმატში. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის მხრიდან მაღალი დონის კონფერენცია იყო უზრუნველყოფილი. ამ მხრივაც, მინდა, მასპინძლები შევაქო მასპინძლობისა და კარგი ორგანიზებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.