ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო. რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა.
„მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა – სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა. ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატებს გადასცემენ სათანადო პირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.