ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვილენ გაბრიელიანმა Factor TV-სთან ინტერვიუში განაცხადა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავდაცვისა და უსაფრთხოების მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ და ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა ვილენ გაბრიელიანმა ინტერვიუში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შესაძლებლობა განიხილა. 

კითხვაზე, აღიქვამს თუ არა მთავრობა რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას პრობლემად და აქვს თუ არა სომხეთს უსაფრთხოების პრობლემა თურქეთთან, გაბრიელიანმა უპასუხა:

„ამას იმით ვასაბუთებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკაში განლაგებულმა 102-ე სამხედრო ბაზამ მისიი დაკისრებული ამოცანა ვერ გადაჭრა, კერძოდ, არაერთხელ იქნა მითეთებული 2021 და 2022 წლების მოვლენებზე, როდესაც თავდასხმა განხორციელდა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. ზუსტად ეს არის გათვალისწინებული შეთანხმებაში: ვალდებულება დაიცვას რუსეთის ფედერაციის ინტერესები და, სომხეთის რესპუბლიკასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის ინტერესები“.

მისი თქმით, სამხედრო ბაზის გაყვანა უარყოფითად არ იმოქმედებს სომხეთის უსაფრთხოებაზე, რადგან მან არ შეასრულა თავისი ვალდებულებები.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს მიმართოს რუსეთს ბაზის გაყვანის მოთხოვნით, გაბრიელიანმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, მომავალში არაფერია გამორიცხული. ეს ასევე შედის ჩვენს უფლებებში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რადგან, შეთანხმების თანახმად, სამხედრო ბაზის გაყვანა სომხეთის რესპუბლიკიდან შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით“.

პრემიერ-მინისტრის მინიშნებაზე, რომ თუ გაზის ფასი გაიზრდება, სომხეთი ასევე განიხილავს „რისი ფასი შეიძლება გაიზარდოს, ან რა მიწოდება ხდება ამჟამად უფასოდ, რის შემდეგაც შესაძლოა პროპორციული ფასი დაწესდეს“, გაბრიელიანმა დაადასტურა, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს სამხედრო ბაზის ქირის გაზრდასაც:

„რატომაც არა? დიახ. ეს ჩემი პირადი აზრიცაა“.

 მოამზადა რაულ კაპანაძემ