სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი გარკვეულ ეთიკურ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია ტყუილ-მართლის გარკვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეცდება, დროული რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პარლამენტში გამომსვლელი დეპუტატი ეთიკურ ზღვარს გადალახავს.
„ბატონმა ირაკლი ძალიან ცხადად განაცხადა, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, მან თქვა, რომ იმის ფონზე, რაზეც მას საუბარი ჰქონდა, შეიძლება, იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. არ მახსენდება ვინმე, ერთი ადამიანი – ქალი ან კაცი, ბოდიში მოეხადა საერთოდ. რაც აქ ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. ვფიქრობ, ერთ რამეზე თუ გამოვიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან არის, რომ შეიძლება, ყველას მოუვიდეს რაღაც გადაცდომა, მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ირაკლიმ გამოსვლის ბოლო ნაწილთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ, როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ, ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე. თუნდაც დღესაც ანა წითლიძემ რაც იკადრა, რა სიტყვებიც თქვა. როდესაც გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, შევეცდები დროულ რეაგირებას. ყველას გამოსვლას არ ვუსმენ ხოლმე, ასე წამიერი რეაგირება ვერ მექნება რაღაცაზე, იქაც არის გარკვეული შესაძლებლობები ლავირების. მექნება რეაგირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.