წინა კვირაში რაც ვნახეთ, ეს იყო ის, რაც დაფარულად ხდებოდა ომბუდსმენის არჩევისას, კერძოდ, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, რომელიც მოდიოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, გასულ კვირას კენჭისყრის მსვლელობის დროს ვნახეთ დარბაზში, ვინ არიან ის ადამიანები, არასამთავრობოები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი და ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში.
„ამ მანდატში მასში ჩარევა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ, ის არასამთავრობოები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, ისინი არიან ის ორგანიზაციები ან პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მეორე მხრივ, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ, რომ პარლამენტის წევრები შეაწუხონ, შეავიწროვონ, დააბულინგონ, დააშინონ და აიძულონ ისინი, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიან საჭიროდ, არამედ ისეთი, რომელიც ამ ამ მილიონების მქონე „ენჯეოებს“ აქვთ, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ფულის ხარჯვა. ამიტომ, დონორებს მოვუწოდებ, ჩახედონ, დაინტერესდნენ. წინაზეც ვეუბნებოდით, მაგრამ ასე არ ჩანდა. სამი ქალი დეპუტატი, სამწუხაროდ, არ ასახელებდა, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, ახლა პირდაპირ გამოჩნდა. დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ეს განცხადებები, დაელაპარაკონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, რომ ასეთი ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დონორებიც იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზეწოლა პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.