ის, რაც ახლა დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობდა.
მისი თქმით, დღეს კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ხდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა.
„ეს არის სახე იმ უპატივცემულობისა, რომელიც გამოიჩინა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისუფალი მანდატის მიმართ და პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ ხდება ჩაშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა. პირდაპირ სახელებით, გვარებით, სახეებით დავინახეთ ადამიანები, რომლებიც შეეცადნენ, რომ საბოტაჟი მოეწყოთ. ამიტომ ტექნიკური შესვენება იქნება და მე ოპოზიციას მოვუწოდებ, დაფიქრდეს, რას აკეთებენ. ტექნიკურ შესვენებას მოგცემთ იმისთვის, რომ დაფიქრდეთ. სამი კანდიდატი არჩეული არის, ორი ვაკანსია არის კიდევ დარჩენილი და ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც თქვენი მანდატი ითვალისწინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.