საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინა. 

მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2023 წელს დაგეგმილი იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა  მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, ნომინალური  ეკონომიკა   10.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანმა შიდა პროდუქტმა  80 246 მლნ ლარი შეადგინა, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 210.1 აშშ დოლარია.

 

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის მეორე კვარტლიდან ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაიწყო და საბოლოო ჯამში, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.5 პროცენტი შეადგინა. 

 

მომხსენებლის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა საგარეო სექტორს. 

 

„2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 604.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია. აქედან,  ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 15 514.0 მლნ აშშ დოლარს.

 

რაც შეეხება საგარეო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - ტურიზმს, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 125.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.3 პროცენტით - 608.7 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის პერიოდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან შედარებით 126.2 პროცენტით არის აღდგენილი“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

 

მისი თქმით, 2023  წელს,  ფულადი გზავნილები წინა წელთან  შედარებით  6.5 პროცენტით შემცირდა და 3 767.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და შემცირების ძირითადი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან ერთჯერადი გადმორიცხვების შემცირება. 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.0 პროცენტით შემცირდა და 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს კი, სავალო ვალდებულებების შემცირება წარმოადგენს.

 

დოკუმენტის თანახმად,  2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 22 124 175.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2 პროცენტია, ხოლო გადასახადების მაჩვენებელმა კი - 19 732 619.8 ათასი ლარია, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.7 პროცენტი.

 

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, მომხსენებელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით  431 174.0 ათასი ლარით გაიზარდა და   22 311 291.1 ათასი ლარით განისაზღვრა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ  22 350 179.4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.2 პროცენტია.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ბიუჯეტი ყველა მიმართულებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა, იქნება ეს სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკის განვითარება.

 

„ბიუჯეტი შესრულდა ისე, რომ არ გაზრდილა არც სახელმწიფოს ვალი, არც ბიუჯეტის დეფიციტი და გაიზარდა მხოლოდ პენსიები და ხელფასები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

„ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5,2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფარგლებში, თუმცა უკვე 4 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტზე მეტია.

 

„არსებული მონაცემებით, მაისშიც ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტზე მაღალი იქნება და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყნის ეკონომიკა  არა 5,2 პროცენტით, არამედ 6 პროცენტით გაიზრდება, რაც განახლებული პროგნოზია. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, შესაძლებელია უფრო ოპტიმისტური სცენარისკენ წავიდეთ, რაც 7 პროცენტზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2,5 პროცენტზე და აღნიშნული მაჩვენებელი ამ ფარგლებში შენარჩუნდება. მისი თქმით, მომდევნო წლებში დეფიციტი ეტაპობრივად - 2.2 პროცენტამდე შემცირდება, რაც ძირითადად ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მოხდება.

 

როგორც  ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ინფლაციის მაჩვენებელი  მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში -  2,5 პროცენტი იქნება, მომდევნო წლებში კი - 3 პროცენტის ფარგლებში. რაც შეეხება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს,  წელს ეს მაჩვენებელი  87,7 მილიარდი ლარი იქნება,  2028 წლისთვის კი - 120 მილიარდ ლარამდე.