სააკაშვილის ექსტრადიციაზე უკრაინულ მხარეს არ მოუმართავს, ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს, თუ საუბარია მკურნალობაზე, ჩვეულებრივად მკურნალობს კლინიკაში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ექსტრადიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, სააკაშვილს დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი უკრაინაში და უკრაინული მხარე ითხოვდეს მათთვის დამნაშავის გადაცემას. ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს. ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი საუბარია მკურნალობაზე, ის მკურნალობს კლინიკაში ჩვეულებრივად. იცით, რომ ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანაზე ადრე იყო გარკვეული საუბრები, რაზეც ყველა დონეზე ნებისმიერ სასამართლოში ითქვა უარი. სჯობს, ყველამ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას და ყველამ მოუწოდოს სააკაშვილს, სრულად დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იქნება. ჩვენი ინტერესი როგორც სააკაშვილთან, ისე ყველა სხვა პატიმართან დაკავშირებით არის ერთადერთი, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.