"ინფრასტრუქტურის განახლებით, სპეციალური ეკონომიკური ზონებითა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკით, აჭარა მზადაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ლოჯისტიკის, წარმოებისა და მაღალი კლასის უძრავი ქონების მიმართულებით" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მრავალფეროვანი კულტურული გარემო აჭარას ინვესტორებისთვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს.
„აჭარა არის ადგილი, სადაც ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორი აქტიურად ვითარდება. რეგიონი გთავაზობთ ინვესტიციების მზა შესაძლებლობას სტუმართმასპინძლობის, მაღალი კლასის და ეკო ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში მიმდინარეობს ,,Batumi Ambassadori Island”-ს მშენებლობა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, გთავაზობთ ხმელეთისა და ზღვის ჰარმონიულ შერწყმას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ეკონომიკურ უპირატესობებს, რაც რეგიონს მასშტაბური ინვესტიციებისთვის კონკურენტუნარიან დანიშნულების ადგილად აქცევს.
,,საქართველო დაბალი საგადასახადო განაკვეთებით გამოირჩევა და არ აწესებს შეზღუდვებს უძრავი ქონების საკუთრებაზე. ქონების გაყიდვიდან მიღებული კაპიტალის მოგება იბეგრება უფრო დაბალი განაკვეთით, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც ასტიმულირებს ინვესტიციებს. გარდა ამისა, საგადასახადო შეღავათები ხელმისაწვდომია ტურიზმთან დაკავშირებული პროექტებისთვის, მათ შორის, სასტუმროების განვითარებისა და ,,მწვანე მშენებლობის“ ინიციატივებისთვის, რაც ქმნის მყარ საფუძველს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესისთვის“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აჭარის გრძელვადიანი სტრატეგია ფოკუსირებულია რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციაზე, საჯარო და კერძო პარტნიორობის გაძლიერებასა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე.
,,ტურიზმის ზრდასა და საინვესტიციო გარემოს შექმნასთან ერთად, ჩვენი სტრატეგიული განვითარების ხედვა მიზნად ისახავს ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და მდგრად ინდუსტრიებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რათა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ამასთან, აქცენტი კეთდება თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასა და რეგიონის მდგრად განვითარებაზე“- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა Gulf News-თან ინტერვიუში.