ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და არაგაწოტნის ეპარქიის საქმიანობის შემაფერხებელ ქმედებებს უკანონოს უწოდებს.

„ჩხრეკა ჩატარდა არაგაწოტნის ეპარქიის რეზიდენციაში, არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვრებისა და მღვდლების სახლებში. დაკავებულია 12 სასულიერო პირი, ასევე არაგაწოტნის ეპარქიის ბუღალტერი და მდივანი. ეს სომხეთის ხელისუფლების სისტემური ანტიეკლესიური კამპანიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ქმედებები აშკარად აჩვენებს ბოროტ განზრახვას, ხელი შეუშალოს ეკლესიის ნორმალურ ფუნქციონირებას, შელახოს მისი რეპუტაცია და დანერგოს შიში სასულიერო პირებში, მორწმუნეებსა და ფართო საზოგადოებაში. ამ უკანონო ქმედებებმა ჩაშალა ეპარქიის საქმიანობა, უხეშად დაარღვია რელიგიური თავისუფლების უფლება და შეურაცხყო მორწმუნეთა გრძნობები“, – აღნიშნულია ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ეკლესია სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და მტკიცედ დაიცვან სომხური სამოციქულო ეკლესია.

„ვერანაირი ინტრიგა, მუქარა ან რეპრესია ვერ დააშინებს სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთში სასულიერო პირები, მათ შორის არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი და ამავე ეპარქიის ხუთი ღვთისმსახური დააკავეს. დაპატიმრებულია ეპარქიის რამდენიმე თანამშრომელი სამოქალაქო პირი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასულიერო პირების დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებას შეკრებისთვის ხელის შეშლის ან მასში მონაწილეობის იძულების მიზნით.

სომხეთის მთავრობასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა მიმდინარე წლის ზაფხულში გამწვავდა, რა დროსაც მასობრივი არეულობების წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმის ფარგლებში დააკავეს ორი არქიეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი და მიქაელ აჯაპაჰიანი, ასევე სხვა პირები. აჯაპაჰიანს ოქტომბრის დასაწყისში სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თარგმანი: პირველი არხი