საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.
ამასთანავე, ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.
დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის წინსვლისათვის გაწეული ძალისხმევის გამო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.