სტიქიაა თელავში. ძლიერი ნალექის შედეგად ქალაქის გამყოფი ხევი ადიდდა, წყალმა ხევის კალაპოტი გაარღვია და კავკასიონის ქუჩა და ალაზნის გამზირი დატბორა.

დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები, დაზიანებულია ავტომობილები.

დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისათვის, ძლიერი წვიმა თელავში გუშინ საღამოს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.








