ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

 ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".