ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ვერც ჩვენს ქვეყანას, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, ეს ვერაფერს დააკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით, ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ხდებოდა 2004-2012 წლებში სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ე.წ. დიფ სთეითის, იგივე გლობალური პარტიის ხელწერა, შესაბამისად, ჩვენ ასეთი აქტები არ გვიკვირს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს - პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს საქართველოს 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესოს