რას წარმოადგენს მურუსიძე, ოსამა ბინ ლადენია, თუ ვინ არის?! იმედია, იქამდე არ მივა თქვენი სიგიჟე, რომ ბლინკენს სანქციებს არ დაუწესებთ, ჭორვილაში შესვლა შეგიძლიათ აუკრძალოთ , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა.
"თუ ვინმე ლიკვიდაციაზე მიდის, ანადგურებს, კლავს, ამას აკეთებს რუსეთი. ისინი, ვინც ამას აბრალებს ამერიკას, არიან რუსები. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომ ამერიკა თურმე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დამცველი კი არ არის, თურმე ანადგურებენ და იქამდე დავიდა "ქართული ოცნების" პროპაგანდა, ნახეთ, რა თქვეს, რომ ამერიკას უნდა თურმე მიიტაცოს მურუსიძის სასამართლო, ამერიკა ხალხო და მურუსიძე. ან რას წარმოადგენს მურუსიძე, რა საფრთხეს უქმნის ამერიკას, რომ ლიკვიდაციაზე იფიქროს, ოსამა ბინ ლადენია თუ ვინ არის?! რაზე ლაპარაკობთ ხალხო "ქართულ ოცნებაში," დროზე ვინმე იპოვეთ, საღად მოაზროვნე ადამიანი, იმედია იქამდე არ მივა თქვენი სიგიჟე, რომ ბლინკენს სანქციებს არ დაუწესებთ, მაგრამ რა უნდა აუკრძალოთ, არ ვიცი. ჭორვილაში შესვლა აუკრძალეთ, დენდროპარკში, ივანიშვილის საპინგვინეში, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, სხვას რას გააკეთებთ?! "- განაცხადა მანჯგალაძემ.
ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება უნდა.
"ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ", - განაცხადა მურუსიძემ.