„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერი განაცხადა.
„ქართულ ოცნებაში არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს. თანდათანობით კალიგულას გზას გაუყვებიან თავდაღმართში, ოღონდ მთავარია ქვეყანა გადარჩეს.
რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ და ინაშვილი ლაპარაკობდა იმას ლაპარაკობს დღეს კობახიძე. იმ დონემდე მივიდა კობახიძე, რომ ვუყურებ თარხან მოურავი უფრო პატრიოტია, ვიდრე კობახიძე.
საქართველოს, ვინც დააკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს! როგორც რუსულ კანონზე გამოვედით და ვამბობდით, სანამ არ შეიცვლება არ წავალთ, ასევე უნდა ვთქვათ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება არ წავიდეთ! ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძე
პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზეც, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაოს.
მისი თქმით, მარგველაშვილის პოზიცია ლოგიკურია, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ვადამდელი არჩევნების მიღწევა.
„მესმის გიორგი მარგველაშვილის ლოგიკის, როდესაც დააყენა ასეთი საკითხი - თუ რუსული რეჟიმი ევროპას გვაკარგვინებს, რას ველოდებით 2024 წელს? - ეს კითხვა ლოგიკურია. მთავარი საკითხია, როგორ ვაღწევთ ვადამდელ არჩევნებს.
პოლიტიკოსი ხალხის გარეშე არავინ არის. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსი კი არ იღებს, ხალხი იღებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თუ არ იქნება, მანამდე არჩევნები არ მინდა, ესეც არ არის სწორი. ქვეყნის გადარჩენის და ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. რისი პოლიტიკოსები ვართ, თუ ხალხს ვერ ვუხსნით სათქმელს, რომ ევროპა ნიშნავს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კოალიციური ოპოზიციის მოსვლას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აზრი თუ არა, მანჯგალაძე პასუხობს, რომ ყველა მოთხოვნას, „რა თქმა უნდა, აქვს აზრი“.
„მაგრამ საჭიროა მომზადება, ხალხისთვის სწორად ახსნა. ამ მიმართულებით სამუშაოა და მოუმზადებლად საკითხების დაყენება არ არის სწორი“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.