„საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე უფრო დიდი სტრატეგიული მიზანი, თუ არ ჩავთვლით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, ნამდვილად არ აქვს. თუ ასე ფიქრობს „ქართული ოცნება“, მაშინ ვერ ვხვდები, რა პრობლემაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. არცერთი საკითხი ამ რეკომენდაციებში არ არის ისეთი, რომელსაც 84-კაციანი უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს“, -განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეძებს მიზეზს და საბაბს, ვის დაბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება.
„რაში გჭირდებათ იმ ცვლილებების მიღებაში ოპოზიციის ხმა? რომელი ინიციატივა შემოიტანეთ დემოკრატიული და არ დაგიდექით? გარდა 12 პუნქტის შესრულებისა, არის კიდევ პოლიტიკური საკითხი. როცა იყო გაფართოებები სხვადასხვა დროს ან კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყნები მუშაობდნენ წევრ ქვეყნებთან, რომ დადებითი რეკომენდაციები ყოფილიყო. თქვენ რას აკეთებთ? ყოველდღე ლანძღავთ დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროპარლამენტარებს ეძახით ლობისტურ მოსყიდულებს, ევროპარლამენტზე იძახით, რომ უმაღლეს საბჭოს ჰგავს, ევროკავშირი, ამბობთ, რომ საბჭოთა კავშირს ჰგავს, კანდიდატის სტატუსზე ამბობთ, რომ ჩალის ფასი აქვს, კანდიდატის სტატუსი სათაგურიაო - ეს აზიანებს რეალურად ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს შანსს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, გაურკვეველია, რას ეფუძნება ქვეყნის უსაფრთხოება.
„თუ დასავლეთი ომს გვაძალებს, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია, რუსეთის გულის მოგებას? რუსეთის წინაშე მუხლებზე დადგომას? თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოება?“- მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას პაატა მანჯგალაძემ.