აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს, რომ გაზი აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? ვაიდა, კიდევ გამოეყენებინათ, ასობით თანამებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?! ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბიბისის“ სტატიას ეხმაურება.
„ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?
არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა?
ხალხიც კი არ გააფრთხილეს, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ვაიდა, კიდევ გამოეყენებინათ, ასობით თანამებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?!
გარდა ამისა, წინასწარ გაწერილი რეაქციები, ერთნაირი განცხადებები და 9 აპრილის უხეში პარალელები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ.
ყველაფერს აქვს საზღვარი !“, - წერს ოთარ გრიგოლია.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.








