გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტე' უწოდა."

გამოცემის ცნობით, ივანიშვილის რეჟიმმა მათი გამოძიების შედეგებს "აბსურდი" უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა "სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების პასუხად."

გამოცემა წერს, რომ კამიტე პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა და ცირკულაციიდან მისი ამოიღება 1930-იან წლებში მოხდა, მის გრძელვადიან ეფექტებზე არსებული შიშების გამო. მისი ჩანაცვლება ე.წ. "ცრემლსადენი გაზით" მოხდა.

"წვას გრძნობდი," განუცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ BBC-ს და დაამატა, რომ ამ შეგრძნების სწრაფად მოშორება შეუძლებელი იყო. ამასთან, დემონსტრანტებმა სხვა სიმპტომებიც შენიშნეს, მათ შორის, ჰაერის ნაკლებობა, ხველება და გულისრევა, რომელიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.

BBC-ს პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელსაც წყლის ჭავლი მოხვდა, განუცხადა, რომ კანის წვა რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, ხოლო ამ გრძნობის მოშორება წყლით შეუძლებელი იყო. 

გამოცემის ცნობით, ჩახუნაშვილს სურდა, მოეძებნა სხვა დემონსტრანტები, რომლებიც ანალოგიურ სიმპტომებს უჩიოდნენ, რისთვისაც მან სოციალური მედია გამოიყენა და დემონსტრანტებს კითხვარის შევსება სთხოვა. შედეგად, მას 350-მდე ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ ერთ ან მეტ გვერდით ეფექტს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ.

ამის შემდეგ მოხდა მისი კვლევის კოლეგიალური განხილვა და საერთაშორისო ჟურნალმა, Toxicology Reports-მა მიგნებები გამოსაქვეყნებლადაც მიიღო. 

ამას გარდა, BBC-ს მიხედვით, პედიატრ ჩახუნაშვილის ანგარიშის მიგნებები თანხვედრაში იყო ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმებისა და სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციების დასკვნასთან, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული. ხოლო გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიცირების მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმმა არ დააკმაყოფილა.

როგორც გამოცემა წერს, ქიმიური ნივთიერების იდენტიფიცირებაში მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან დაკავშირებული რამდენიმე ინფორმატორი დაეხმარა. BBC წერს, რომ შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს სჯერა, რომ ეს იგივე ნაერთია, რომლის წყლის ჭავლისთვის გამოცდაც მას 2009 წელს დაავალეს. 

მისი თქმით, ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული სიმპტომები არ ჰგავდა არაფერს, რაც მანამდე ჰქონდა გამოცდილი. შერგელაშვილმა ასევე დაამატა, რომ ქიმიურმა ნაერთმა მას სუნთქვა გაურთულა, ხოლო გამოცდაში მონაწილე კიდევ 15-20 კოლეგისთვის ნივთიერების წყლით მოშორება შეუძლებელი იყო.

შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ გამოცდის შედეგად მან ქიმიკატის არ გამოყენების რეკომენდაცია გასცა, თუმცა წყლის ჭავლის მანქანებში მისი გამოყენება, სულ მცირე, 2022 წლამდე ხდებოდა, როცა მან თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან წავიდა.

ამავდროულად, BBC-სთან საუბრისას კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალი რანგის პოლიციელმა დაადასტურა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დასარბევად გამოყენებული ქიმიური ნაერთი იგივე ქიმიკატი იყო, რომელიც შერგელაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოიყენებოდა. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მის მიერ გამოცდილი ნივთიერება მხოლოდ ცრემლსადენი გაზი იყო, შერგელაშვილმა უპასუხა, რომ აღწერილი ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი ჩანდა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ შერგელაშვილმა არ იცოდა იმ ქიმიკატის დასახელება, რომლის გამოცდაც დაავალეს. თუმცა, BBC-ს მიხედვით, ქიმიური ნივთიერების დასახელების გასარკვევად მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარის ასლი მოიპოვეს, რომელიც 2019 წლით თარიღდება. 

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ორ უსახელო ქიმიკატს შეიცავს: "ქიმიურ ხსნარ UN1710-სა" და "ქიმიურ ფხვნილ UN3439-ს", თანდართულ გამოყენების ინსტრუქციებთან ერთად. 

ავთენტიკურობის გადასამოწმებლად BBC-მ აღნიშნული დოკუმენტი სპეცრაზმის ყოფილ მაღალი რანგის თანამშრომელს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ დოკუმენტი ნამდვილი ჩანდა. მანვე განაცხადა, რომ დარბევების დროს წყლის ჭავლში, დიდი ალბათობით, სწორედ ეს ორი უსახელო ქიმიკატი იყო დამატებული.

BBC წერს, რომ UN1710-ის დადგენა მარტივი იყო, რადგან ეს ტრიქლოროეთილენის (TCE) კოდია, რომელიც წყალში ქიმიური ნივთიერებების გახსნას უწყობს ხელს. გამოცემის მიხედვით, UN3439-ის იდენტიფიცირება ბევრად უფრო რთული იყო, რადგან ეს კოდი ზოგადად რიგ ინდუსტრიულ ქიმიკატებს მოიცავს, რომელთაგანაც ყოველივე სახიფათოა. 

BBC-ს მიხედვით, არეულობების კონტროლის საშუალებად ამ ნივთიერებებიდან მხოლოდ ერთის - ბრომობენზილის ციანიდის - გამოყენების შესახებაა ცნობილი. ქიმიკატის სხვა სახელი კამიტეა, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებლად შექმნეს.

ამასთანავე, გამოცემა მსოფლიოს მოწინავე ტოქსიკოლოგსა და ქიმიური იარაღის ექსპერტს, კრისტოფერ ჰოლსტეგეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩახუნაშვილის კვლევაზე, დაზარალებულების ჩვენებებზე, სპეცრაზმის ინვენტარსა და შერგელაშვილის მოყოლილზე დაყრდნობით თქვა, რომ მისი აზრით, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ აქციების დასარბევად კამიტე იყო გამოყენებული. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ კამიტე აქციების დასარბევ ნივთიერებად დროებით აშშ-ს პოლიციის მიერაც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა, ცრემლსადენი გაზის სახით უფრო უსაფრთხო ვარიანტის გამოგონების შემდეგ მისი გამოყენება შეწყვიტეს.

ამასთან, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პოლიციას ხალხის მასის სამართავად ქიმიური ნივთიერების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი ქიმიკატს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და პროპორციულად მიიჩნევა. 

BBC ასევე წერს, რომ მათმა მიგნებებმა შეაშფოთა წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ალის ედვარდსიც, რომელსაც წარსულში ქართული ოცნებისადმი მიწერილიც აქვს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და აქციების დროს წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, წყლის ჭავლში ქიმიკატების გამოყენებაზე მკაცრი რეგულაციების ნაკლებობის პრობლემა მოსაგვარებელია: "ეს მაძლევს საშუალებას, რომ [ეს პრაქტიკა] ექსპერიმენტულ იარაღად ჩავთვალო და მოსახლეობა არასდროს უნდა იყოს ექსპერიმენტების ქვეშ. ეს აბსოლუტურად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას." - აღნიშნა მან.

ედვარდსის თქმით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, არეულობის სამართავი საშუალების ნებისმიერი ეფექტი უნდა იყოს დროებითი, ხოლო აღწერილი სიმპტომები "იმის მიღმაა, რაც შეიძლება დროებითად ან მისაღებად ჩაითვალოს. ასე რომ, ყველა ეს შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს, მათ შორის, წამებისა და სხვებისადმი ცუდად მოპყრობის რუბრიკის ფარგლებშიც."