მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე იმსჯელეს  საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ისრაელის ქნესეთში ვიზიტისას.

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, მეგობრობის ჯგუფმა გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან, ქნესეთის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრებთან, საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტის წევრებთან, აგრეთვე ქნესეთში არჩეული პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან.

სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დავიდ ბიტანთან შეხვედრისას. 

აგრეთვე, დაისახა კონკრეტული მიმართულებებით ორმხრივი აქტივობები, რაც უპირველესად ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს  შორის აქტიურ თანამშრომლობას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ეკონომიკური მიმართულებით დარგობრივი კომიტეტების ერთობლივ საქმიანობაზე; კერძოდ, ქნესეთის შესაბამისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის წინადადებას, რომელიც ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას და ქნესეთის ეკონომიკური განვითარების კომიტეტში საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენის გამართვას გულისხმობს.

ქართული მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა გურჯაანისა და სიღნაღის, ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების თაობაზე, რასაც დავიდ ბიტანი მიესალმა და ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა  აღუთქვა.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს მხრიდან ისრაელში ტურისტების რაოდენობის ზრდისა და  სხვადასხვა სექტორში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის ქნესეთის წევრთა მხარდაჭერა მიიღო.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ რეფორმებზე.

ისრაელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გივი მიქანაძე,  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი,  განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.  ვიზიტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.