ზუსტად ვიცი, რომ დღეს პარლამენტარების უმრავლესობა ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ზუსტად ვიცი, რომ დღეს პარლამენტარების უმრავლესობა ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს. ამაზე თავს დავდებ, რომ დღეს პარლამენტართა აბსოლუტური უმრავლესობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესს. ძალიან მალე მოვა დრო, დადგება რეალობა, რომელიც არ იქნება ასეთი, როგორიც არის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და აქედანაც გამომდინარეობს ბევრი პრობლემა. პირველ რიგში, აღარ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რომელიც მხოლოდ სახელწოდებით შეიძლება, მოიხსენიებოდეს, როგორც ქართული და რომელიც შინაარსით თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე არის უკვე რუსული. იმედი მაქვს, შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ძალიან მცირე ნაწილით იქნება წარმოდგენილი და იქნება მეტად ადეკვატური“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამ ცვლილების გარდაუვალობა იმ პირობებში, როდესაც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დღეს ერთიანობის პრობლემა აქვს, რაც შიდა არჩევნების შემდეგ უფრო გამწვავდა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერს მომავალი აჩვენებს.
„პირიქით, სადაც არ ელოდება გარღვევას „ქართული ოცნება“, იქ მოხდება. ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკეთესობისთვის. ხდება პროცესის კრისტალიზაცია. საზოგადოება სულ უფრო და უფრო უკეთ იცნობს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვფიქრობ, საზოგადოებას მხარდაჭერა ექნება იმ პოლიტიკური ძალების, პოლიტიკოსების მიმართ, სადაც დაინახავენ საკითხებისადმი წრფელ დამოკიდებულებას და არა თვალთმაქცობას, არაფორმალური მმართველების შემსრულებლებად ქცევას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეკითხვაზე, რამდენად ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს, შესაძლოა, ევროპარლამენტში განცხადება გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილზე ან ნიკა გვარამიაზე, რისი მოლოდინიც რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა გამოთქვა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მას სალომე ზურაბიშვილისგან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ამ ტრიბუნიდან საკითხს საფუძვლიანად შეეხებოდა.
„დრო ახლა ქართულ სახელმწიფოზე არ მუშაობს, მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის ცნება ნორმად არის ქცეული და ქალბატონ ზურაბიშვილს შეუძლია, ამას დროებით მაინც დაუსვას წერტილი. დაველოდოთ მომავალ პერიოდს და ნათელი გახდება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს იგი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.