ამის შესახებ სლოვენიური სააგენტოები იუწყებიან.
სლოვენიის პარლამენტმა 67 წლის იანეზ იანშა ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 90 დეპუტატიდან 87-მა მიიღო. მათგან იანშას მომხრე 51 იყო, მოწინააღმდეგე კი 36.
იანეზ იანშა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თაყვანისმცემლად და უნგრეთის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მეგობრად ითვლება. იგი უკვე სამი ვადით იყო სლოვენიის პრემიერ-მინისტრი. ეს მისი მეოთხე ვადია 2004 წლიდან. წინა ვადების განმავლობაში ის ხშირად უპირისპირდებოდა ბრიუსელს.
იანშა, რომელიც ამჯერად მემარცხენე ლიბერალ რობერტ გოლობს ჩაანაცვლებს გეგმავს უმცირესობის მთავრობის ფორმირებას რამდენიმე პარტიის მონაწილეობით. პარტია „რესნი.ცა“, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს საპროტესტო მოძრაობიდან წარმოიშვა, იანშას მიერ რეფორმირებულ კოალიციაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მისმა ხუთივე დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა.
იანშას „სლოვენიის დემოკრატიული პარტიამ“ არჩევნებში 29 ხმა მიიღო, ერთით ნაკლები, ვიდრე პრემიერ-მინისტრ გოლობის „მოძრაობა თავისუფლებამ“, თუმცა მას და მის მხარდამჭერ პარტიებს ჯამში 43 დეპუტატი ჰყავდათ, გოლობს და მის მხარდამჭერ პარტიებს კი 40. იტალიელების და უნგრელების ეთნიკური უმცირესობებს ერთად ერთად ორი დეპუტატი ჰყავთ და ისინი თავიდანვე იანშას მომხრეებად განიხილებოდნენ.
სლოვენიური მედია აღნიშნავს, რომ იანშას კენჭისყრისას მაქსიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდა და როგორც ჩანს, მან ოპოზიციის ერთი დეპუტატის გადაბირება შეძლო.




