ზოგი ჭირი მარგებელია, ხშირად ვამბობ კერძო საუბრებში, რომ პარტიაში არჩევნების შედეგები დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავს ვთვლიდე ასიათასობით ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის თანამოაზრედ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ბრძოლაში, რომელსაც მართებულად ვუწოდებთ ცივილიზაციურ ბრძოლას. მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ვარ იქ, სადაც არის ხალხის ნება და ვარ იქ, სადაც არის მართალი სიტყვა. პოლიტიკაში ყოფნისას ჩემთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის მთავარი წყარო – ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე და ძალიან აქტიურად ვარ ამ პროცესში ჩართული. თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით, თუ ვინმე არის ძალიან აქტიურად კომუნიკაციაში საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ვარ მე, ჩემს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის შენების გამო კი არ წაუგია, არამედ ძალმომრეობის, ძალოვან უწყებებზე კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო და ა.შ. და მისთვის მტკივნეულია, როცა 2023 წელს რიგი ადამიანების მხრიდან ხედავს ამ მანკიერებების რესტავრაციის მცდელობას, რაც საზოგადოების მხრიდან ვერასოდეს იქნება მხარდაჭერილი.
როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ მენეჯმენტთან კოორდინაცია არ აქვს.
„არსებულ პარტიულ მენეჯმენტთან კოორდინაცია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არსებობს საკითხები, რომლის გარშემოც ბუნებრივად ხდება კონსოლიდაცია, არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, არამედ მთელი საზოგადოების მხრიდან. არის ეროვნული საკითხები, რომელზეც უსიტყვოდ, შეთანხმების გარეშეც ხდება კონსოლიდაცია და ერთ ფერხულში ჩადგომა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.