სამწუხაროდ, რა წამს სასამართლოს თემასთან დაკავშირებით პარლამენტში დაიწყება მსჯელობა, ეს რასაკვირველია გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ ეს იყოს მხოლოდ სამართლებრივად საკითხების შეფასება და ამას თანამდევი იქნება პოლიტიკურად განხილვა - ამ საკითხის პოლიტიკურად განხილვა ძალიან დიდი რისკის შემცველი შეიძლება იყოს, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ინიციატივა უმრავლესობასაც რომ გვქონდეს, ვისაც მორალური დილემების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს ამ საკითხთან მიმართებით, მაინც არ შეიძლება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ კონკრეტულ საკითხზე? არ შეიძლება იმიტომ, რომ კონსტიტუციის მთავარი მიდგომა რაც არის, სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკოსები არ და ვერ უნდა ერეოდნენ. ამას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი ხდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.