"დღეს დაკრძალეს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელმაც 100 წელი იცოცხლა. იგი დაუვიწყარია რჩება ჩემთვის, ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან არ ამოდის ტრანზისტორი, საიდანაც საბჭოთა სუკის სპეცდანადგარებისგან ჩახშობილი, წყვეტილ-წყვეტილ ისმოდა ცნობები, თუ როგორ იცავდა იგი საბჭოთა დისიდენტებს, მათ შორის ზვიადს და მერაბს", - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში:

"დღეს დაკრძალეს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელმაც 100 წელი იცოცხლა. იგი დაუვიწყარია რჩება ჩემთვის, ჩემი ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან არ ამოდის ტრანზისტორი, საიდანაც საბჭოთა სუკის სპეცდანადგარებისგან ჩახშობილი, წყვეტილ-წყვეტილ ისმოდა ცნობები, თუ როგორ იცავდა იგი საბჭოთა დისიდენტებს, მათ შორის ზვიადს და მერაბს. ამის პარალელურად "ვრემიას" ოფიციალური ეთერიდან ისმოდა იქედნური კომენტარები, რომ ფუჭი და ამაოა "პრეზიდენტ კარტერის კამპანია ე.წ. ადამიანის უფლებათა დასაცავად მიმართული". მადლობა მას, რასაკვირველია პრეზიდენტ რეიგანთან ერთად იმ წვლილისთვის, რაც ზვიადის და მერაბის ფიზიკურად გადარჩენაში მიუძღვის. მოიხსენოს პრეზიდენტო თქვენი სული უფალმა ღმერთმა თავის მარადიულ სასუფეველში. 

აქ მოვიტან ამონარიდს ზვიად გამსახურდიას საპროგრამო ესსედან "კაცობრიობა დილემის წინაშე", რომელიც 1976 წელს დაწერა. იგი ცხადია, საქმე N 101-შიც ფიგურირებს. აქ იგი ახსენებს პრეზიდენტ კარტერს და საუბრობს ისეთ საჭირბოროტო პრობლემებზე, რომელიც დღეს გახდა ცხადი სრული სიგრძე-სიგანით. ეს წერილიც, შარახვეტია ოპონენტების მტკიცების საპირისპიროდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორედაც ინტელექტუალი და შორსმხედველი უფლებადაცველი-დისიდენტები ჰყავდა, იმავდროულად ეროვნული მოღვაწეები:   

"შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის სამხედრო ეკონომიკაც კი დასავლეთის ფინანსებითა და ტექნოლოგიებით იკვებება. რაოდენ კეთილშობილური და პრინციპული არ უნდა იყოს ისეთი პიროვნებების მცდელობა, როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები თუ ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული? საზოგადოებაში, სადაც COMMONWELTH-ისა და PROSPERITY-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავარ ღირებულებებად, განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი COMMONWELTH -ისა და PROSPERITY-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებასაც იგი ეწევა. სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის ჭაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად, კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს.”