„ეროვნული ფრონტის" დამფუძნებლის და მარინ ლე პენის 96 წლის ასაკის მამის, ჟან მარი ლე პენის, გარდაცვალებამ ფრანგების ერთი ნაწილის სიხარული გამოიწვია. 

ულტრამემარჯვენე იდეებით ცნობილი ჟან მარი ლე პენის გარდაცვალებით გახარებულ ფრანგთა გარკვეულმა ნაწილმა ამ სიხარულის საჯარო დემონსტრირებაზე არ თქვა უარი და საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ზეიმი გამართა

პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, მემარცხენე „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის" მიერ ჟან მარი ლე პენის გარდაცვალების გამო საგანგებოდ მოწვეული შეხვედრის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანან მხიარულ ხასიათზე მყოფი ადამიანები (სულ, დაახლოებით ათასი), რომლებიც სადღეგრძელოებს ამბობენ ისეთ წარწერებიანი ტრანსპარანტების ფონზე, როგორიცაა „რა მშვენიერი დღეა", „ბინძური რასისტი მკვდარია"...

ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 200-300 კაციანი საზეიმო შეკრებები გაიმართა სტრასბურგში, ლიონში, მარსელში, ტულუზაში, ბორდოში, ლილში, ხოლო სოციალურ ქსელებით არაერთმა ფრანგმა გამოხატა აღფრთოვანება „ეროვნული ფრონტის"დამფუძნებლის გარდაცვალების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად სამჯერ კენჭნაყარი ფილიპ პუტუ წერს:

„სურვილები საოცრებაა. გვისრულდება! 2025 წელი არც თუ ისე ცუდად იწყება ამ კარგი ამბით".

ადამიანურ ღირსებასთან შორს მდგარ საზეიმო სცენებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი X-ზე შეეხმიანა:

„არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ ამართლებს გვამზე ცეკვას. ადამიანის, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილმა მხოლოდ თავშეკავების და ღირსეული ქცევისკენ უნდა გიბიძგოს. სიხარულის ეს სცენები უბრალოდ სამარცხვინოა".


ჟან მარი ლე პენის გარდაცვალებასთან სიხარულის გამოხატვის გაემიჯნა და ამავე დროს ამ ფენომენის ახსნა სცადა ფრანგულმა 20minutes-მა, რომელმაც დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოში YouGov-ის მიერ 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბრიტანელების ნახევარზე მეტი დასაშვებად მიიჩნევს აპლოდისმენტებს ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თავად ან მარი ლე პენი, 2019 წელს, თავის პოლიტიკური ოპონენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალების შემდეგ წერდა:

„მკვდარს, მტერსაც კი, პატივისცემის უფლება აქვს".

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ჟაკ შირაკის ახლობლებმა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს მარინ ლე პენი პარიზის სენ-სულპისის ტაძარში ჟაკ შირაკის პანაშვიდზე მისვლის სურვილის შესახებ, განაცხადეს, რომ ეს მისი უფლება იყო, თუმცა მათ მისი იქ ხილვის სურვილი არ ჰქონდათ.