„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ – სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი ასე თუ ისე წესრიგშია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი.
„ნუთუ მთლად დავბრმავდით თუ რა ხდება? საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი, უკიდურესად დაცემულ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ჩვენი მსოფლიო როლი, რომელიც უდავოდ გაგვიჩნდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არამედ რეგიონშიც კი აღარ ვართ ლიდერები, რაც არასდროს მომხდარა ისტორიულად. ამიტომ აქ უნდა ვისაუბროთ არა „უკეთესზე“, არამედ საქართველოს გადარჩენაზე და ისტორიული სიდიადის აღდგენაზე. ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდოდემოკრატიული რიტორიკა. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ისტორიული მისიის გააზრება და მისკენ გაბედული ნაბიჯებით სვლა.
„შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ – ძალიან მავნე გეგმაა, მაშინ როცა არცერთი დღე არ არის დასაკარგი საქართველოს გადარჩენის საკითხში. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.








