საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კრიტიკა ხშირ შემთხვევაში იყო უსაფუძვლო, რასაც ბევრი ფაქტი ადასტურებს.

ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თნახმადაც: „პოლონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, ასევე, მარინ ლე პენის პროცესია საფრანგეთში. ამ ფონზე, რამდენად საფუძვლიანია კრიტიკა, რომელსაც ვისმენთ ქართული სასამართლო სისტემის მიმართ და რა იყო მიზანი?“.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემის კრიტიკის მიზანი საქართველოს სახელმწიფოზე თავდასხმა იყო.

„საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებით არავის აქვს საფუძველი, გაჟღერებულიყო ასეთი კრიტიკა, რასაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით. ერთადერთი საფუძველი და მიზანი, რაც ამ კრიტიკას ჰქონდა, ყოველთვის იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურებოდა კრიტიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენდით. ზოგადად, სასამართლო სისტემაში პრობლემები ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს. ამაზე ხან საუბრობენ ხმამაღლა, ხან არ საუბრობენ, თუმცა კარგად თუ გავეცნობით თუნდაც ევროკავშირის ანგარიშებს, ვნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო მომენტს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემებს უკავშირდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.