გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ევროპა იყოს ძლიერი, ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო. გლობალურ სცენაზე სხვადასხვა მოთამაშეს როცა ვხედავთ, სამწუხაროდ, ევროპა ნაკლებად ჩანს, როგორც გლობალური მოთამაშე, ესეც ბრიუსელის ბიუროკრატიის საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ტრამპი ამბობს: „სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, მე მსურს ეს“.
ბოჭორიშვილის თქმით, დიდი ხანია, გამოთქვამენ წუხილს იმ როლზე, რასაც ბიუროკრატია ასრულებს ევროპისთვის და დღეს უკვე ამაზე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები.
„ძალიან დიდი ხანია, ვწუხვართ იმ განვითარებებზე, რასაც ვაკვირდებით ბრიუსელში და იმ როლზე, რასაც, სამწუხაროდ, ბიუროკრატია ასრულებს ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. დღეს ამაზე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ევროპა იყოს ძლიერი, იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვაკვირდებით სწორედ იმ განვითარებებს, რასაც ადგილი აქვს ბრიუსელში, რაც დიდწილად აზიანებს ხოლმე თავად ევროპის ინტერესებს. დღეს როდესაც ვხედავთ გლობალურ სცენაზე სხვადასხვა მოთამაშეს, სამწუხაროდ, ევროპა ნაკლებად ჩანს, როგორც გლობალური მოთამაშე. ესეც ზუსტად არის ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულების, თუ, გარკვეულწილად, საქმიანობის შედეგი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








