მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბევრი სპეკულაცია მოჰყვა განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა. ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად მარტივი რამ თქვა – ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამხდარიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლის განმსაზღვრელი, რადგან ეს აზიანებდა ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს განმარტება სხვაგვარად ითარგმნებოდა და განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდებოდა.

„შეიძლება ითქვას, ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომლებმაც დააბრალეს საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტა მაშინ, როცა დიალოგი სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან იყო შეჩერებული, ჯერ კიდევ ივნისში. მაგიდაზე როდესაც უკვე იდო ევროკავშირის მხრიდან დიალოგის შეჩერებაზე გადაწყვეტილება, იმის თქმა, რომ ამ განცხადებას ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებზე რაიმე რეალური, ნეგატიური ეფექტი ჰქონოდა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამ განცხადებით არ მომხდარა არაფერი, რაც გააჩერებდა დიალოგს ევროკავშირთან. ამ განცხადებით მოხდა დეკლარირება მარტივი რამის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლების იარაღი და არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის. თუმცა, მთელი წელია, ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემები იქცეს საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მსაზღვრელი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ის, როდესაც სწორედ ამ თემით ხდება სპეკულირება და რადიკალური დღის წესრიგის განსაზღვრა.

„ხომ ფაქტია, რომ კეთდება განცხადებები ბრიუსელიდან, შემდგომ ორი-სამი დღე სწორედ ამის გარშემო ტრიალებს პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. ეს ყველაფერი აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ დავაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან დიალოგზე. ევროკავშირის მხრიდან, ბიუროკრატიის მხრიდან როცა გვესმის ასეთი განცხადებები, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს ევროკავშირში, მეორე მხრივ, იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბროს. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთი მხრივ, ამბობ, რომ გინდა, იხილო საქართველო ევროკავშირში და მეორე მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს. ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე. ეს არის ორმხრივი პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ანუ საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის. ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც მსგავსი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირში. ამას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურად მომზადება. სწორედ ამას აკეთებს საქართველო. ყველაფერს აკეთებს, რათა ყველანაირი სტანდარტი წინ წაწიოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.