საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქსა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.











