ევროპარლამენტის რეზოლუცია საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ერთგვარი გეგმა თუ სურვილები საქართველოსთან დაკავშირებით, რა შეიძლება, გამოიყენონ, არიან ინსტრუმენტების ძიებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"ზოგადად, დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და ჰქვია, რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეაფასო. მეორე მხრივ, ჩნდება განცდა, რომ რაღაც პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც კვლავ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი, ხალხი არ არსებობს. ან არსებობს მხოლოდ ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ თუ უნდათ, რომ იყოს. რაღაც ასეთ პარალელურ ქვეყანაზე თუ სხვა სამყაროზეა საუბარი ამ რეზოლუციაში და ძალიან ძნელია, შემდეგ ამის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებზე სერიოზულად იმსჯელო და აღიქვა.
ალბათ საყურადღებო მაინც არის, რა გეგმა ისახება საქართველოსთან მიმართებით, რა შეიძლება იყოს სურვილები, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც რასა იუკნევიჩიენე არის ევროპის სახე და გვესაუბრება ევროპარლამენტიდან დემოკრატიაზე, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე ტყუილებით, დეზინფორმაციით. ლექციებს კითხულობენ დეზინფორმაციაზე და სინამდვილეში სამი წინადადებიდან სამივე არის ტყუილის შემცველი საქართველოსთან დაკავშირებით. საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ერთგვარი გეგმები თუ სურვილები საქართველოსთან დაკავშირებით, რა შეიძლება გამოიყენონ. რეალურად, არიან ინსტრუმენტების ძიებაში. თქვენ ალბათ გახსოვთ, 2022 წელს, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით, იყო მსგავსი რეზოლუციები, მცდელობები და, ერთგვარად, გადმოლაგება იმ ინსტრუმენტების, რაც შეიძლებოდა, გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი იყო 2024 წელსაც, მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭო განიხილავდა საქართველოს საკითხს და ახლაც რაღაცნაირად ძიებაში არიან, რომ იპოვონ მათთვის ეფექტიანი საშუალება, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. არჩევნებზე ჯერ ჩამოსაყალიბებელი არიან, სჭირდებათ თუ არა არჩევნები საქართველოში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.