საქართველოს პროკურატურის განცხადება.

"2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.

63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება.

ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება."