ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროს გიორგი ქვარაიასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები, სადრენაჟე სისტემების არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, სტუმრებს საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მელიორაციის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, მაინც რჩება გამოწვევები.
მერმა აზიის განვითარების ბანკს ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორისაა ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
მერის განცხადებით, იგეგმება ქალაქის ერთიანი სანიღვრე სისტემის პროექტირება, რაშიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.
მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ,,საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




