28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ჯობავამ განაცხადა.
როგორც ჯობავამ აღნიშნა, განცხადება წაიკითხა სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით.
„ერთი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების მძევლად აყვანას, არაერთ მათგანის ღირსების შემლახავ მოპყრობას და წამებას უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.
ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.
ჩვენი ბრძოლა ამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.
დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი – შეეჩერებინა წინააღმდეგობა. ვიდრე ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.
მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა, იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ იქამდე, ვიდრე ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.
28 ნოემბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, – განაცხადა ლევან ჯობავამ.








