ცალკეული სახელმწიფოები და პოლიტიკოსები არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება, მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე იმგვარად, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქართველ ამომრჩეველს კი არ სურს, არამედ ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ასეთი პოლიტიკოსების ჯგუფი რომ არსებობს საქართველოში, ამაში ორი აზრი არ არსებობს და უკვე თავად ამტკიცებენ – უყურებენ თუ რა ინსტრუქციას გასცემს რომელიმე ბიუროკრატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი და ამას უნდა მიჰყვნენ, ამას უნდა მიჰყვეს ქართული პოლიტიკური პროცესიც. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართულია საქართველოს  ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და ამის უკან არ დგას კეთილი განზრახვა.

ძალიან რთულია სამართლებრივი გამართლება მოუძებნო ამ განცხადებებს და ზოგადად, გაამართლო რამენაირად მოსამართლის დასჯის მოწოდებები, რომ მოსამართლეს დაუწესო სანქცია ან სასამართლოზე ამგვარად მოახდინო გავლენა და შემდგომ გამოხვიდე და ისაუბრო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ლექციები წაიკითხო იმაზე, როგორ უნდა იყოს სამართალი უზენაესი და კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორი, მაშინ, როდესაც ამართლებ კანონის დამრღვევებს, ითხოვ ამ კანონის დარღვევისთვის მიღებული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის დასჯას და სანქციების დაწესებას, ალოგიკურია ეს ყველაფერი. არანაირად არ ჯდება არანაირ ევროპულ ფასეულობებში. 

 არ შეიძლება, მუდმივად ასე ვიაროთ, რომ ვიღაც გიკარნახებს, ვინ უნდა დაიჭირო, ვინ არ უნდა დაიჭირო, ვინ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და ვინ არა. არ შეიძლება, არსებობდეს ხელშეუხებელი ადამიანების სია, რომელთაც რაც უნდათ, ის შეუძლიათ, გააკეთონ. ეს მადა კიდევ უფრო გაძლიერდა და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, შენი კონსტიტუცია, შენი კანონმდებლობა, დემონსტრაციულად ხდება ამ ყველაფრის შეურაცხჰყოფა და გათელვა, და ასეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენ შვილებისთვის? სადაც პოლიტიკოსი გამოვა, შეურაცხჰყოფს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და შემდგომ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო და სასურველია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.