სამწუხაროდ, რიგი დიპლომატებისა განუდგა პროცესს, მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც შერჩევის პროცესში და არც სურვილი გამოხატეს, რომ საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში გაეგრძელებინათ მუშაობა. შესაბამისად, ის აჟიოტაჟი, რაც არის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საერთოდ მოკლებულია რეალობას, მიმართულია ჩვენი უწყების დისკრედიტაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ინსტიტუტებზე სხვადასხვა აქტორების მხრიდან მუდმივად ხორციელდება შეტევა და მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც არ არის გამონაკლისი.
„ძალიან ცხადი გზავნილი მქონდა რეორგანიზაციის დასაწყისში, თუ რას ემსახურება საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის პირველი ეტაპიც გუშინ დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ დიპლომატიური რესურსი სწორად არ გამოვიყენოთ. ეს პროცესი ძალიან ღიად წარიმართა, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მასში მონაწილეობა მიეღო. სამწუხაროდ, რიგი დიპლომატებისა განუდგა ამ პროცესს და მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც შერჩევის პროცესში და არც სურვილი გამოხატეს, რომ საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში გაეგრძელებინათ მუშაობა. შესაბამისად, ის აჟიოტაჟი, რაც არის რეორგანიზაცისთან დაკავშირებით, საერთოდ მოკლებულია რეალობას, მიმართულია ჩვენი უწყების დისკრედიტაციისკენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს ინსტიტუტებზე შეტევა სხვადასხვა აქტორების მხრიდან, ეს მუდმივი პროცესია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროც არ არის გამონაკლისი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს რეორგანიზაციის მთავარი საფუძველია, იმუშაოს გამართულად და სათანადოდ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები საერთაშორისო არენაზე.
„ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, პირველ რიგში პასუხისმგებლობაა ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმუშაოს გამართულად, მოემსახუროს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და სათანადოდ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები საერთაშორისო არენაზე. ეს არის ამ სამინისტროს რეორგანიზაციის მთავარი საფუძველი და ამას მივყვებით ჩვენ, ძალიან ბევრი ღირსეული დიპლომატი მუშაობს ჩვენს უწყებაში, ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდაა ასევე გარეთ, რომელსაც აქვს სურვილი, ჩადგეს ქვეყნის სამსახურში და ჩვენ მათ ამის შესაძლებლობაც უნდა მივცეთ, კარგად გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც არსებობს დიპლომატიურ სამსახურში და ასევე, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში ჩაერთონ ქვეყნის სამსახურში და მოემსახურონ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ რეორგანიზაციის შედეგად ამ ეტაპზე არცერთ ახალ თანამშრომელს არ დაუწყია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა.
„შესაბამისად, რაიმე სახის წმენდებზე და ა.შ. საუბარი არის აბსოლუტურად არასწორი, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი უწყების დისკრედიტაციას“, – აცხადებს მინისტრი.