ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული დინამიკა არ იწვევს აღფრთოვანებას.
„რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან. ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზე, ჩვენც ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს, რაც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში და ნამდვილად არ იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას ის დინამიკა, რაც არის ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რაც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს სცენ პარტნიორებმა პატივი.
საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, სურს, რომ ჩვენს ქვეყანას სტაბილურ გარემოში დემოკრატიული განვითარების საშუალება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გაითვალისწინონ ის, რაც აწუხებს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქართველ ხალხზე და საქართველოზეა საუბარი, პირველ რიგში, მათ არჩევანს სცენ პატივი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.