წარსულის შეხსენებები, ან პირადი დამოკიდებულებები არ ცვლის იმ ფაქტორს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკის მთავარი ფაქტორი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ სწორედ ამ ფაქტით, ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.
„მიხეილ სააკაშვილმა მელიას ორ განცხადებასთან დაკავშირებით გუშინ საბოლოო და ყველაზე კარგი პასუხი გასცა, როდესაც წერტილი დაუსვა ამ პოლემიკას. დღეს მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებაში, ეს არის ერთიანობა. ეს არის საერთო სტრატეგიით ბრძოლა, ამიტომ ბუნებრივია, ცალკეული წარსულის კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს დღევანდელ რეალობას, დღევანდელ ბრძოლას. ყველას აქვს წარსულის წყენები, წარსულის კარგი ან უარყოფითი გამოცდილება, მაგრამ დღეს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვავალდებულებს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ხალხის ინტერესები, რომ საერთო ბრძოლით ქვეყნის მთავარ პრობლემას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ვუპასუხოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რასაც აღიარებს არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც.
„ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველა დიდი წარმატება უკავშირდება სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას. მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ფართო მასშტაბის პოლიტიკოსია არამარტო საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის, არამედ საქართველოს პოლიტიკის ნაწილში. გადაძახილები და წარსულის შეხსენებები, ან პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ნამდვილად არ ცვლის იმ ფაქტორს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკის მთავარი ფაქტორი. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელოთ, ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელ ბრძოლაში ნუ ვიხელმძღვანელებთ წარსულის ტრამვებით “ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.






