პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.
საუბარია განცხადებაზე, სადაც შალვა პაპუაშვილი წერს, რომ "ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის." პაპუაშვილი ძალადობის მხარდაჭერაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის ნაცვლად, ევროკავშირის ელჩის რეაქცია აჩვენებს ღირებულებით ჩიხს, თანამედროვე ევროპა კი არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი საუბრობს ჩარევებზე 2024 წლის არჩევნებში, ასევე, სტრასბურგში მოგებულ საქმეებზე და ამბობს, რომ თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის პატივისცემაა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ჩიხი, რომელზეც შალვა პაპუაშვილი საუბრობს, თავად "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.
"ეს ჩიხი შექმნილი არის თავად "ქართული ოცნების" მიერ. ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი არის ხელისუფლების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის. ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათ კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ ეროვნულ იდეას დაუპირისპირდა "ქართული ოცნება." ამ ვითარებაში სამართლიანი და ობიექტურიც არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.




