დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს. 

ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო.

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.

14 წელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა.  14 წელია ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი.
14 წელია საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა.

ენმ ის დამფუძნებელი თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, იმიტომ რომ დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.

დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან ენმ-ის ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი 15 პარტიის წევრი, თანამებრძოლი — ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპას და საქართველოს იცავენ.

ახლა კი რეჟიმს სურს გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა. იმისთვის, რომ არ შეეშინდა. იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. 

ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ იმიტომ, რომ მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა — არ დაარტყათ საკუთარ ხალხს.
არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით. არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები.
არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

და სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.

რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის. ეშინია შეუპოვრობის.
ეშინია იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს.

ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს — ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი,
ვერც ერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას.

ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.

გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება.

სანამ საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს.- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, 2025 ელის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა. 

ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა  

2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება. 

სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. 

"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.