არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი შევარდა პოლიციის კორდონში - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, პროვოკაციის გზით შევარდეს პოლიციის კორდონში და აკეთოს მოწოდებები ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებისკენ.
„ის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვიჭირდეს, რაც არ უნდა მიუღებელი და შესაძლოა, არასწორი იყოს. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციის კორდონში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც რამდენიმე დღის წინ, კანცელარიასთან, აქციაზე იკადრა პოლიციის კორდონში შევარდნა და მოწოდებები, რომ მას გაყოლოდნენ. იგივე ვიხილეთ გუშინ ხაბეიშვილის მონაწილეობით. ისმოდა მოწოდებები, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება და ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.
„მე დავინახე, რომ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, ასევე დავინახე, რომ კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებისკენ, დავინახე სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, დავინახე ქვების და ბოთლების სროლა. ეს არ არის ევროპულობა. დავინახე ალეკო ელისაშვილის მიპარვაც მამუკა მდინარაძესთან და თქვენი ტელევიზიები და ის რადიკალები, რომლებიც დღეს ოპოზიციად იწოდება, ტაშს უკრავდა ამას. ეს არის სამარცხვინო. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის. მიუღებელია პოლიციელების მიმართ ძალადობა. როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ქვების და ბოთლების სროლისკენ, ეს არის მიუღებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.