სამგორის რაიონში, ე.წ. საქნავთის დასახლებაში, 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც ჯამში 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"აღნიშნულ ტერიტორიაზე 25-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობით მოხდა ამ ფარეხების დემონტაჟი და აღნიშნულ სივრცეში, რომელიც, დაახლოებით, 11 000 კვადრატული მეტრია, ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ამჟამად კი კალათბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.