იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, ცვლილება ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343 მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის წესს აწესრიგებს.

მისივე თქმით, 2025 წლის 19 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ხოლო თუ მამკვიდრებელი ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულების ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულების რჩენაზე იმყოფებოდა − შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში” .

კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში”.