რადგან ვერ შედგა ტოტალური ერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, გადავდგით ნაბიჯი იმ პოლიტიკურ აქტორთან, რომელსაც ამის შესაძლებლობა დარჩა,- ამის შესახებ პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

"საზოგადოებაში ასე მძაფრად ერთობის შესახებ დაკვეთა არ ყოფილა. ჩვენ ერთობა ვცადეთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ აქტორთან, პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, თუმცა ეს ასე მარტივად არ გამოვიდა, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული სტრატეგია, რომ უნდა წასულიყვნენ ბოიკოტში. ჩვენი სტრატეგია არ არის უმოქმედობაში, ან დუნე პროტესტში ყოფნა. ჩვენი პოზიციაა, რომ გავაჩაღოთ ბრძოლა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ერთობას და ამ ერთობის პროცესში ჩვენ ვცადეთ ბევრი კომპრომისი, ბევრი მოლაპარაკება და ჩვენი გადაწყვეტილების გახმოვანებამდე დროც იმიტომ გაიწელა, რომ ყოველდღიურად ვხვდებოდით პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს, აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ვცდილობდით, რომ ერთობა გამოსულიყო. რადგან ვერ შედგა ტოტალური ერთობა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, გადავდგით ერთობის ნაბიჯი იმ პოლიტიკურ აქტორთან, რომელსაც ამის შესაძლებლობა დარჩა და ჩვენ გიორგი გახარიას გუნდთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რაც გულისხმობს საწყისი თანამშრომლობის პრინციპებს, რაც გამორიცხავს ჩვენს შორის ურთიერთკონკურენციას ე.წ. მუნიციპალურ არჩევნებზე. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, ტრადიციული არჩევნები - ეს იქნება ძალადობის და მოსყიდვის მორიგი კასკადი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.