რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ ამ გეგმის შესახებ, მისი დეტალები, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა იცოდა, როდესაც 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციაზე მივიდა, რა გეგმა არსებობდა და რა გეგმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა.
„ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და დღესაც ვსაუბრობდით, რომ იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში ეს გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებისთვის. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. რაც შეეხება ჩვენი მისვლის მიზეზს, რა მიზეზითაც მოვიდა საქართველოს ასი ათასი მოქალაქე, ის მიზეზი გვქონდა ჩვენც, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, რაც გამოჩნდა, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა ამ ე.წ არჩევნებზე და გამოვიდა ქუჩაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესახებოდათ მშვიდობიანი დამხობა, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვეულებრივად ესახებოდა“.
„ჩვეულებრივად, ძალიან მარტივად, რაც ყოფილა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ სახით, სომხეთში რაც ფაშინიანმა გააკეთა, არ გინახავთ ეს, რა ვიცი, სახელმძღვანელო? საქართველოში მგონი, ძალიან ბევრი წიგნიერი ადამიანი არსებობს და მშვიდობიანი რევოლუციის ანთოლოგიას იცნობენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მე პოლიტოლოგი ხომ არ გახლავართ, რომ მაგალითები მოგიყვანოთ კიდევ სხვა? ეს ორი მაგალითი მოგიყვანეთ ჩვენი რეგიონიდან მარტო, მაგრამ ძალიან ბევრმა ვიცით ხომ ასეთი რევოლუციების მაგალითები? რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, ამაზე ხომ თვითონ ორგანიზატორებიც საუბრობდნენ, რომ ასეთ რამეს უბრალოდ, არ განიხილავდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ პაატა ბურჭულაძე, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, იყო მოსული თავის რვა წლის შვილიშვილთან ერთად და ალბათ, ხვდება ვინმე, რომ ძალადობრივი სცენარის შემთხვევაში რვა წლის შვილიშვილთან ერთად აქციაზე არავინ არ მოდის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ისინი საუბრობენ ღალატზე და იმაზე, რომ გეგმამ არ იმუშავა გარკვეული ძალადობრივი პროვოკაციის და გარკვეული ღალატის გამო და რა მოხდა, არ ვიცი”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გადაცემის წამყვანი სტუმარს ჩაეკითხა, თუ ძალადობრივი სცენარი არ არსებობდა, რას ნიშნავდა ერთ-ერთი ორგანიზატორის მოწოდება – „გადავინაცვლოთ ათონელის რეზიდენციისკენ და მამაკაცური ძალა ვაჩვენოთ“, რისთვის მიჰყავდა მას აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციასთან და რამდენად თანხვედრაშია ეს მოწოდება მშვიდობიან პროცესებთან, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი გეგმა რას გულისხმობდა, ეს განმარტებული უნდა იქნას და ამის მერე ყველა კითხვაზე პასუხი ალბათ, გაიცემა.
„იმედია, ძალიან მალე მოხდება ეს. იმიტომ, რომ მე არ ვარ კომპეტენტური პირი, რომ გიპასუხოთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.