ძალიან მარტივი გეგმა არსებობს, უნდა ვიყოთ იმდენი, რამდენიც არ ვყოფილვართ. რეჟიმმაც უნდა გააცნობიეროს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ძალადობას, ძალადობრივად ძალაუფლებაში ხელოვნურად დარჩენას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ივანიშვილის რეჟიმი ყოველთვის არის მოძალადე, იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ძალადობა ვეღარ გაბედონ. ქართველი ხალხის გეგმები ყოველთვის იყო მშვიდობიანი. ერთადერთი, ვინც ძალადობრივ სცენარს ავითარებდა, იყო ივანიშვილი რუსეთის დავალებით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, „ხართ თუ არა მზად პასუხისმგებლობის ასაღებად, თუ აქტივისტებს შეატოვებთ პროცესს“, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ არ არსებობს შემთხვევა, როცა წინა ხაზზე არ დგას „ნაციონალური მოძრაობა“.

„მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, თუნდაც ჩემი მეგობრები, მეც. ამის უამრავი ვიდეომტკიცებულება არსებობს, ამას არასდროს ვმალავდით და ახლაც ასე იქნება. არასოდეს არავის უკან არ ვდგებით. კონკრეტულ მოლოდინს და ვინმესთვის პასუხისმგებლობის აკიდებას რაც შეეხება, ძალიან მარტივია, ეს არის ეროვნული ბრძოლა, სადაც ყველა ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი საპროტესტო ქუჩის გზით არის გარდაუვალი. ყველა ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას. ეს გახლავთ კიდევ ერთი ტყუილი პროპაგანდის, რასაც ქართველი ხალხი დაამტკიცებს, რომ არავის ერიდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არც პოლიტიკოსებს და არც აქტივისტებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, ამბობთ, რომ რევოლუცია იქნება მშვიდობიანი, ცეცხლწაკიდებული სახელმწიფო უწყებები მშვიდობიანია, ფოტოები იდება ჯგუფებში, რომ ამას აპირებენ“, ფავლენიშვილმა აღნიშნა:

„რა შუაშია ცეცხლწაკიდებული? რა ჯგუფებში იდება, ვინ დებს? ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში პროტესტი არის მშვიდობიანი. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოდ მშვიდობიანი. იმდენი რამ გაბედა ივანიშვილმა, იმდენი კონსტიტუციური პრინციპი შელახა, იმდენჯერ მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ეროვნულ ღირსებას და ამ პირობებში მაინც მშვიდობიანი იყო ყოველთვის აქციები. ამიტომ ჩვენი მხრიდან მოლოდინია, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი, როგორც ყოველთვის იყო ხოლმე. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლებისგან გვახსოვს ნაწამები ადამიანები. ლევან ხაბეიშვილის ბანერი გვაქვს მოტანილი, ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე სცემეს. თუ ძალადობაზე საუბრობთ, ძალადობა უნდა მოიკითხოთ „ქოცებისკენ“ და არა მშვიდობიანი ქართველი ხალხისკენ“.

ამასთან, ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არის პაატა ბურჭულაძე და რუსთაველის გამზირი, თუმცა ყველას აქვს პასუხისმგებლობა.

„ორგანიზატორი არის პაატა ბურჭულაძე და რუსთაველის გამზირი, საზოგადოება, მაგრამ პასუხისმგებლობაზე როცა მიმდინარეობს საუბარი, ყველა ვართ პასუხისმგებლები, რაც ეროვნულ პროტესტში ხდება. ძალადობს და დანაშაულს სჩადის ერთადერთი აქტორი – ივანიშვილი და მისი ბანდა. ისინი აწამებენ ხალხს და იტაცებენ. მშვიდობიანად გამოვდივართ და გვსურს, ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს. ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ვინმე უკანონოს ან ძალადობრივს ოდესმე აპირებდა ან აპირებს? – არა. ამიტომაც მშვიდობაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ძალადობაზე აიღოს იმ ჯგუფმა, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს მიმართავს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.