აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებაზე საუბრისა.
მან ისაუბრა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად და რა სიძულვილის ენად; რა სტანდარტით იხელმძღვანელებს შს სამინისტრო ასეთ შემთხვევებზე და როგორ მიუდგება ამ საკითხს მომავალში.
„პირველ რიგში, აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება. გარდა ამისა, ეს გაწერილია ისეთ სამართლებრივ აქტებში და ისეთ პრაქტიკაში, როგორიც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებასთან. მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც იყო გამოტანილი რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც კონკრეტული ზღვარი და სტანდარტი იყო დადგენილი იმისა, თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და იმ აკრძალულ ქმედებას შორის, რაც სამართლებრივად ისჯება. ეს ზღვარი გადის სწორედ სხვისი უფლებების დაცვაზე. როდესაც ერთი ადამიანი გამოხატავს აზრს ამ შემთხვევაში, ეს არ უნდა ზღუდავდეს სხვა ადამიანის უფლებებს. ანუ, არ უნდა იყოს მისი ღირსების შემლახველი.
თუკი ადამიანი გამოხატავს აზრს და აკრიტიკებს ზოგადად პოლიტიკას და შესაძლოა, ამას ახდენდეს უხამსი სიტყვებითაც და ამაზეც არსებობს ერთ-ერთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, ამ შემთხვევაში ეს დაცული იქნება გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ როდესაც ადგილი აქვს პიროვნულ თავდასხმებს, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ამ დროს გამოიყენება უხამსი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, ბუნებრივია, ეს არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და აქ შესაბამისი რეაგირება ექნება სამართალდამცველ უწყებას“, - აღნიშნა დარახველიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.









