საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში".



ილია დარჩიაშვილი სამიტის გახნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.  საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული  გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ყურადღბა გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ვრცლად ისაუბრა  ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმალობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. მან აღნიშნა ხელისუფლების  ძალისხმევა ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითრებით და ამ მხრივ გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

„მომავლის სამიტი“ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მიდვნის ეგიდით იმართება. სამიტს წინ უძღოდა ანტონიო გუტიერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ  მოუწოდა. ღონისძიებას გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. „მომავლის სამიტი“ რამდნეიმე დღე გასტანს.  სამიტის  პლენარული სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.