ჩემი აზრით, ამ წერილის სამეტყველო სტილი არ შეესაბამებოდა ნიკა მელიას სტილს. „სააკაშვილი საკუთარი ეგოთი არის ორსული“ – არ არის ზოგადად ნიკა მელიას სამეტყველო სტილი, ის ბერვად უფრო მკაფიოდ და ნათლად, ხალხურად გამოხატავს აზრებს. ჩემი აზრით, ეს მეტაფორული, პოეტური სტილი უფრო ნიკა გვარამიას გავლით არის შექმნილი. ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე ის მიკვირს, რომ ბოლომდე არავის არ მიჰყავს ეს საქმე. მიხეილ სააკაშვილი თითქოს მხილებას დაიწყებს და რაღაც მომენტში გაჩერდება, ნიკა მელიამ ამჯერად იმდენად მკაფიოდ გამოხატა პოზიცია და იმდენად ნათელია მისი უარყოფითი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, დღემდე მიკვირს, როგორ არის „ალიანსი“ კვლავ ერთიანი. ასეთი ტიპის განცხადებები „ალიანს“ უნდა შლიდეს და რომ არ იშლება, მგონია, „ნაცმოძრაობის“ შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს. მოვუწოდებდი მხარეებს, ერთმანეთთან უფრო მკაფიო და უფრო გულწრფელი იყვნენ. „ალიანსი“ თუ დასაშლელია და ნამდვილად დასაშლელია, სჯობს დროზე დაიშალოს, ვიდრე გაგრძელდეს კონფლიქტურ სიტუაციაში გრძელვადიანად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ნიკა მელიას წერილში ნიკა გვარამიას გავლენას გრძნობს, წერილის სტილი გვარამიასეულია.
„წინა არჩევნებიდან მოყოლებული გვარამია მიშას ებრძოდა, ცუდია, რომ ამ გაგებით მელიაც აიყოლია. ვფიქრობ, ამაზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისგან ამავე პოსტის კომენტარებში მიიღეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი გვარამია თავის ყოფილ ბელადს, რომლის ლილიპუტადაც მიიჩნევდა თავს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცოტა უფრო მოკრძალებულად მოექცევა. ამ პოსტს ნიკა მელიას პოსტად ნაკლებად განვიხილავ, უფრო გვარამიასეული მგონია. „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებაზე მიშასთან აპელირება, მაშინ როდესაც 40 მილიონის წარმომავლობა წინასაარჩევნოდ ახსნილი არ არის, სულ მცირე, უცნაურად გამოიყურება. ნიკა მელია იქნება ეს, თუ ნიკა გვარამია, „ალიანსის“ ანუ „ახლების“ მხარესაც მოვუწოდებდი, უფრო მეტი თქვან იმ კომპრომატებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნიათ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ ურთიერთობიდან გამომდინარე. ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია, პატიმარია და ყველაფერს აკეთებდა ციხიდან გამოსულიყო, ლამის 60 კილოგრამი გახდა, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მზაობა რომ გამოეხატა, არ გამიკვირდება, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები ამასთან დაკავშირებით, ვიდრე მოღალატეების ძახილი. წითლიძე დიდი ხანია, გვარამიაზე წერს განსხვავებით სხვებისგან. ის ყოველთვის ურყევი იყო მიშას სიყვარულში და გვარამიას კრიტიკაში. მგონია, წითლიძისთვის ძალიან გასაგებია ის ამბავი, რომ იმ ფულის წარმომავლობა, რომელიც წინასაარჩევნოდ „ნაცების“ დასაშლელად დაიხარჯა, არ ყოფილა დასაბუთებული. ამ გაგებით მგონია, წითლიძე ყველაზე თანმიმდევრულია „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ყველას ესმის, რომ „ნაცები“ და ზოგადად „ალიანსი“, მიშას გარეშე ნულია, ამას თავადაც აღიარებენ ყოველთვის.
„რაც შეეხება კონფლიქტებს და უთანხმოებებს, ჩერგო და გვარამია „ალიანსის“ ლიდერად რომ იქნება, როგორ შეიძლება, იქ ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე სუფევდეს. თქვენ ეს წარმოგიდგენიათ? მე, არა. „ალიანსს“ მეტი შანსი აქვს რომ დაიშალოს. დაშლის შესაძლებლობა დაუსრულებელია, მაშინ როცა ლიდერად ჩერგოს და გვარამიას დუეტი გყავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.
მოგვიანებით კი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერია: „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ. ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო „ის კაცი“ მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!“.











